„როიტერი“ - უკრაინამ მოსკოვის ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ორივე მთავარი დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანა, ქარხანამ მუშაობა, სულ მცირე, რამდენიმე დღით შეაჩერა
უკრაინამ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ორივე მთავარი დანადგარი მწყობრიდან გამოიყვანა. ქარხანამ მუშაობა, სულ მცირე, რამდენიმე დღით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, 18 ივნისს ქარხანაზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმისას დაზიანდა ნავთობის გადამამუშავებელი ბლოკი.
სააგენტოს ცნობით, ამ ბლოკში შედის ნავთობის პირველადი გამოხდის დანადგარი, რომლის ნომინალური წარმადობა დღეში 140 ათასი ბარელია. ის ქარხნის პირველადი გადამუშავების სიმძლავრის 47%-ს უზრუნველყოფს.
ასევე დაზიანდა დამხმარე მოწყობილობები, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საცავები, მილსადენები და მეორადი გადამამუშავებელი დანადგარები.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის დედაქალაქს საწვავით ამარაგებს და რეგიონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტია. ორი თავდასხმის შედეგად, სავარაუდოდ, ქარხანა რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შეძლებს მუშაობის განახლებას.