„როიტერი“ – უკრაინა იმედოვნებს, რომ ახალი ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა „ფრეია“, რომელიც ამერიკული „პეტრიოტის“ ევროპული ალტერნატივა უნდა გახდეს, 2027 წლის პირველი ნახევრისთვის იქნება მზად
უკრაინა იმედოვნებს, რომ ახალი ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა, კოდური სახელწოდებით „ფრეია“, რომელსაც ევროპელ პარტნიორებთან ერთად ავითარებს, 2027 წლის პირველი ნახევრისთვის იქნება მზად, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
პროექტი ორი კვირის წინ პარიზში ჩატარებულ სამიტზე ოფიციალურად დაანონსდა. მასში მონაწილეობდნენ ათი ევროპული ქვეყნის ლიდერები, მათ შორის ზელენსკი, და სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი დაახლოებით ათამდე კომპანია.
როგორც სააგენტო წერს, „ფრეია“ ამერიკული „პეტრიოტის“ შედარებით იაფი და მოქნილი ევროპული ალტერნატივა უნდა გახდეს. მედიის ცნობითვე, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რადგან „პეტრიოტის“ ევროპული ალტერნატივები ამას ვერ ახერხებს, „პეტრიოტის“ სისტემები და რაკეტების მიწოდება კი პოლიტიკური არასტაბილურობის, მარაგების ნაკლებობისა და წარმოების გრძელი ციკლის გამო შეზღუდულია.
„ფრეიის“ პროექტის ფარგლებში, უკრაინა უზრუნველყოფს გამშვებ დანადგარსა და რაკეტას, რომელსაც ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება შეუძლია. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისი დატესტვა მიმდინარე თვეში მოხდება, ხოლო პარტნიორებისგან უკრაინა თანამედროვე რადარებით, სენსორებითა და მართვის ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას ელოდება.
უკრაინული მხარის განმარტებით, საჰაერო-თავდაცვითი სისტემა „ღია არქიტექტურის“ პრინციპზე იქმნება, რაც გულისხმობს, რომ პარტნიორ ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი წარმოების კომპონენტები შეუთავსონ. ზელენსკი მას „ლეგოს“ ადარებს.
პროექტის ზედამხვედველის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილის, დავიდ ალოიანის განცხადებით, „დანია თუ იტყვის, რომ დანიური Weibel-ის რადარი სურს, ეს შესაძლებელია. შვედეთი Saab-ის სისტემას თუ აირჩევს, არც ეს იქნება პრობლემა“.
აღნიშნულ პროექტში უკვე მონაწილეობენ ისეთი ევროპული თავდაცვითი კომპანიები, როგორებიცაა Eurosam-ი, Leonardo, Thales-ი, Saab-ი და გერმანული Hensoldt-ი.