„როიტერი“ - თურქეთში, სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების მიზეზით 19 ადამიანი დააკავეს
„როიტერი“ - თურქეთში, სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების მიზეზით 19 ადამიანი დააკავეს

თურქეთში სოციალურ ქსელებში კორონავირუსის შესახებ უსაფუძვლო და პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელების მიზეზით 19 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, სულ იდენტიფიცირებულია 93 პირი, რომლებიც კორონავირუსის შესახებ პროვოკაციულ ინფორმაციას ავრცელებდნენ. კერძოდ, დაკავებულებს ადანაშაულებენ ისეთი ცნობების გავრცელებაში, თითქოს თურქეთში კორონავირუსი ფართოდ არის გავრცელებული და ხელისუფლება დაავადების პრევენციისთვის არაეფექტიან ზომებს მიმართავს. უწყების განცხადებით, კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი მოსახლეობაში პანიკისა და შიშის გამოწვევა იყო.

„ეჭვმიტანილთაგან 19 ადამიანი დაკავებულია და იდენტიფიცირებული პირებიდან სხვების დაკავების პროცესი გრძელდება“, – ნათქვამია თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 47 შემთხვევაა გამოვლენილი.

კორონავირუსის გავრცელების გამო თურქეთმა დახურა სასწავლო დაწესებულებები, კაფეები და რესტორნები. აკრძალა მასობრივი ლოცვა მეჩეთებში და 20 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.