„როიტერი“ - ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, რომ ჩინურ ავიაკომპანიებს, რომლებიც აშშ-ის მიმართულებით ასრულებენ რეისებს, რუსეთის თავზე ფრენა აუკრძალოს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს, რომ ჩინურ ავიაკომპანიებს, რომლებიც აშშ-ის მიმართულებით და აშშ-დან ასრულებენ რეისებს, რუსეთის თავზე ფრენა აუკრძალოს.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკული ავიაკომპანიები დიდი ხანია, აკრიტიკებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩინური ავიაგადამზიდებს საშუალებას აძლევს, აშშ-ის მარშრუტებზე რუსული საჰაერო სივრცე გამოიყენონ, რაც მათ უპირატესობას აძლევს ფრენის დროის და საწვავის ხარჯების შემცირების სახით. ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ამერიკულ და სხვა დასავლურ კომპანიებს რუსეთის თავზე ფრენა აეკრძალათ. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხო ჩინური ავიაკომპანიებს, რამაც ისინი საერთაშორისო მარშრუტებზე ხელსაყრელ პირობებში ჩააყენა.
როგორც აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტმა ინიციირებულ წინადადებაში განაცხადა, ამჟამინდელი სიტუაცია უსამართლოა და ნეგატიურად აისახა ამერიკულ ავიაგადამზიდებზე. აშშ-ის ინიციატივა გავრცელდება ჩინური ავიაკომპანიების როგორც სატვირთო, ისე სამგზავრო ავიარეისებზე. გადაწყვეტილება შესაძლოა, შეეხოს Air China-ს, China Eastern-ის, Xiamen Airlines-ის და China Southern-ის რეისებს აშშ-ს მიმართულებით და აშშ-დან.
აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტი ჩინურ კომპანიებს პასუხისთვის ორდღიან ვადას აძლევს. საბოლოო განკარგულება შესაძლოა, ნოემბერში ამოქმედდეს.
ჩინური ავიაკომპანიებისთვის აშშ-ის მარშრუტებზე რუსეთის საჰაერო სივრცის აკრძალვის ინიციატივა წარდგენილია პეკინსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე. როგორც მოსალოდნელია, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შესაძლოა, სამხრეთ კორეაში ოქტომბრის ბოლოს შეხვდეს.