„როიტერი“ - „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს დახმარებას ჰპირდებოდა
„როიტერი“ - „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯო ბაიდენი ავღანეთის პრეზიდენტს დახმარებას ჰპირდებოდა

სააგენტო „როიტერი“ აშშ-ისა და ავღანეთის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის შინაარსს ასაჯაროებს. საუბრის სტენოგრამა და ჩანაწერი ჟურნალისტებს ანონიმურმა წყარომ გადასცა.

როგორც ირკვევა ჯო ბაიდენისა და აშრაფ ღანის ბოლო სატელეფონო მოლაპარაკებები 23 ივლისს შედგა. უკვე 15 აგვისტოს კი ავღანეთის პრეზიდენტი ქაბულიდან გაიქცა და მის სასახლეში „თალიბანის“ მებრძოლები შევიდნენ. სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ავღანელ კოლეგას უთხრა, რომ აშშ გააგრძელებს მისი მთავრობის მხარდაჭერას, თუ აშრაფ ღანის ექნება გეგმა, რომლითაც ავღანეთში შექმნილი სიტუაცია კონტროლს დაექვემდებარება.

„ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ჰაერიდან, თუ გვეცოდინება, რა გეგმა გაქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

ამ საუბრის შემდეგ რამდენიმე დღეში აშშ-მა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდასაჭერად საჰაერო იერიში მიიტანეს „თალიბანის“ მებრძოლებზე, რაც თალიბებმა დოჰაში მიღწეული შეთანხმების დარღვევად შეაფასეს. როგორც „როიტერი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ურჩია აშრაფ ღანის, მოლაპარაკებები აწარმოოს ძალაუფლების მქონე ავღანელებთან, რათა მათ შეიმუშაონ სამხედრო სტრატეგია, შემდეგ კი დანიშნოს „მებრძოლი“, რომელიც ამ ძალისხმევას ჩაუდგებოდა სათავეში.

სატალეფონო საუბრისას, ბაიდენი უმტკიცებს ავღანეთის პრეზიდენტს, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალები საუკეთესოა.

„თქვენ გყავთ კარგად შეიარაღებული 300 000 სამხედრო, რომლის წინააღმდეგაც გამოდის 70-80 000 თალიბი. თქვენს სამხედროებს შეუძლიათ ბრძოლა“, – ამბობს ბაიდენი.

ამ საუბრის შემდეგ რამდენიმე დღეში თალიბებმა ავღანეთის ქალაქების დაკავება დაიწყეს. მათ წინააღდმეგობა თითქმის არავინ გაუწია. ამავე სატელეფონო მოლაპრაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტი მოუწოდებს ავღანეთის მთავრობას, უკეთ იმუშაონ, რათა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე მსოფლოის აღქმა შეიცვალოს.

„ალბათ არაა საჭირო იმის თქმა, თუ როგორი აღქმა არსებობს მსოფლიოში და ავღანეთის ნაწილში. მჯერა, თალიბებთან ბრძოლა კარგად არ მიმდინარეობს და არ აქვს მნიშვნელობა ეს მართალია თუ ტყუილი, არსებობს საჭიროება, რომ შეიქმნას სხვაგვარი სურათი“,- ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

ბაიდენი ურჩევს ავღანეთის პრეზიდენტს, რომ ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა ძალებმა და ფიგურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართონ და მხარი დაუჭირონ ავღანეთის მთავრობის ახალ სამხედრო სტრატეგიას.

„ეს შეცვლიდა მიმდინარე სიტუაციის აღქმას“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დიპლომატიურად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ავღანეთის მთავრობა არა მხოლოდ გადარჩება, არამედ ის იქნება მდგრადი“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

თავის მხრივ, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ამერიკელ კოლეგასთან ბოლო საუბარში ამტკიცებს, რომ მას შეუძლია სამხედრო გამოსავლის პოვნა, თუმცა ამისთვის საჭიროა სწრაფი ნაბიჯები.

„ჩვენ საქმე გავქვს ფართომასშტაბიან შემოჭრასთან. ავღანეთში შემოიჭრნენ თალიბები, რომელთა შემოჭრის დაგეგმარებას და ლოჯისტიკურ დახმარებას ახორციელებს პაკისტანი, ამავე დრო მათ თან ახლავთ 10-15 000 საერთაშორისო ტერორისტი, ძირითადად პაკისტანიდან“, – აცხადებს აშრაფ ღანი ბაიდენთან საუბარში.

არც თეთრი სახლის და არც ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის წამორმომადგენლებს გავრცლებულ ჩანაწერზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.