„როიტერი“ - სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან
„როიტერი“ - სტივ უიტკოფი და კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას 15 მაისს თურქეთში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა.

როგორც „როიტერი“ წერს, პუტინმა უგულებელყო ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის რუსეთისადმი მოწოდება 30-დღიანი ზავის გამოცხადების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა, პირადად ჩაფრინდეს სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს.

ტრამპის თქმით, ზელენსკი დათანხმდა შეხვედრას თურქეთში სწორედ მისი მოწოდების შემდეგ. ამასთან, თავდაპირველად მოლაპარაკებების პირობად უკრაინა და ევროპული ქვეყნები ცეცხლის შეწყვეტას ასახელებდნენ.