„როიტერი“ – Starshield-ის სისტემის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა საბრძოლო კომუნიკაციებისა და დრონების კონტროლისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან მოდიოდა, მოთხოვნა აშშ-ის პრეზიდენტს არ გაუკეთებია
Starshield-ის სატელიტური სისტემის გამოყენების შეზღუდვის ბრძანება, რომელსაც უკრაინა საბრძოლო კომუნიკაციებისა და დრონების კონტროლისთვის იყენებს, თეთრი სახლიდან მოდიოდა, – ამის შესახებ „როიტერი“ ორ ამერიკელ და ერთ ევროპელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.
როგორც სააგენტოს წყაროებმა აღნიშნეს, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ მიიღო შეტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის SpaceX-ის Starshield-ის სერვისის გამოყენების შეზღუდვის აუცილებლობის შესახებ.
მაღალჩინოსნებმა არ დააკონკრეტეს, ვინ მიიღო გადაწყვეტილება თეთრ სახლში ან ვინ იყო პასუხისმგებელი ბრძანების შესრულებაზე.
ამავდროულად, Starshield-ის გამოყენების შეზღუდვის ბრძანებაზე კომენტირებისას აშშ-ის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მსგავსი მოთხოვნა შეერთებული შტატების პრეზიდენტს არასოდეს გაუკეთებია.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ამ შეზღუდვებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებისა და ლოგისტიკური ობიექტების წინააღმდეგ დარტყმითი ოპერაციები შეაფერხა და შეანელა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დრონების ჩამოგდება.
ცნობისთვის, Starshield ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის Starlink-თან არის დაკავშირებული, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.
თეთრ სახლს უკრაინაში „სტარლინკის“ მუშაობის შეზღუდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.