„როიტერი“ - სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აცხადებენ, რომ, უთანხმოების მიუხედავად, შეუძლიათ, უზრუნველყონ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება
„როიტერი“ - სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აცხადებენ, რომ, უთანხმოების მიუხედავად, შეუძლიათ, უზრუნველყონ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები აცხადებენ, რომ, უთანხმოების მიუხედავად, მშვიდობა შესაძლებელია. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც ილჰამ ალიევმა და ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნეს, იმედოვნებენ, რომ, შეუძლიათ, უზრუნველყონ გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმება მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის შესახებ უთანხმოების მიუხედავად.

„ვფიქრობ, სწორია, რომ ამის იმედი მქონდეს. ჩვენ თუ დავინახავთ სომხური მხარის კონსტრუქციულ მიდგომას. რაც მთავარია, თუ ისინი მთლიანად გადადებენ ყველა მისწრაფებას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ სამშვიდობო გადაწყვეტილება ძალიან მალე, შესაძლოა, წლის ბოლომდეც კი“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია Euronews-სთან ინტერვიუში.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, მშვიდობა იყოს.

„არა მარტო შეიძლება, იყოს, არამედ აუცილებლად უნდა იყოს მშვიდობა. ეს არის ჩემი რწმენა, ჩემი პოზიცია, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ასევე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს მნიშვნელოვანი ნიუანსი, ცხადი იყოს, რატომ არ ხდება ეს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამავდროულად, ფაშინიანმა გაიმეორა ბრალდება, რომ აზერბაიჯანი კვლავ ბლოკავს საკვებისა და მედიკამენტების ტრანზიტს ყარაბაღში ლაჩინის დერეფნის, ერთადერთი გზის გავლით, რომელიც სომხეთს აკავშირებს ანკლავთან, რითიც იწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს.

ალიევმა უარყო, რომ აზერბაიჯანული ძალები ბლოკავენ გადაადგილების თავისუფლებას და განაცხადა, რომ 2 000-ზე მეტი ადამიანი გადავიდა „სომხეთში და უკან“ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა აპრილში დერეფნის შესასვლელთან სასაზღვრო გამშვები პუნქტი დააწესა.