„როიტერი“ - სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით მისცემს სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას 
„როიტერი“ - სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი პერიოდით მისცემს სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას 

სომხეთი აშშ-ს ხანგრძლივი ვადით მისცემს სატრანზიტო დერეფნის განვითარების ექსკლუზიურ უფლებას, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 8 აგვისტოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხელს მოაწერენ ჩარჩოშეთანხმებას, რომელშიც ასევე საუბარი იქნება აშშ-ისთვის სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანსპორტო დერეფნის განვითარების უფლების ექსკლუზიურ გადაცემაზე.

„როიტერი“ წერს, რომ „სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას შეუძლია, გარდაქმნას სამხრეთ კავკასია. რეგიონი აწარმოებს ენერგომატარებლებს და მდებარეობს რუსეთს, ევროპას, თურქეთსა და ირანს შორის, რომელსაც ნავთობსადენები კვეთს, მაგრამ იტანჯება დახურული საზღვრებისა და გაჭიანურებული ეთნიკური კონფლიქტების გამო“.

„როიტერთან“ საუბარში თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ჩარჩოშეთანხმება, რომელიც 8 აგვისტოს გაფორმდება, მიმართულია მშვიდობისკენ, კონკრეტული გზის მიღწევისკენ და ხანგრძლივი სატრანზიტო პრობლემის გადაჭრისკენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ სატრანზიტო მარშრუტს უწოდებენ „ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისკენ“, შემოკლებით TRIPP.

სააგენტო წერს, რომ ეს მარშრუტი იმუშავებს სომხეთის კანონმდებლობით, ხოლო აშშ მიწას გადასცემს იჯარით კონსორციუმს, რათა ააშენოს ინფრასტრუქტურა და მართოს ის.

„კომერციული მექანიზმების საშუალებით ეს ნაბიჯი გახსნის რეგიონის პოტენციალს და ხელს შეუწყობს სამხედრო მოქმედებების პრევენციას“, – განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა „როიტერთან“ საუბარში.

ამასთან, სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები ხელს მოაწერენ დოკუმენტს „მინსკის ჯგუფის“ დაშლის მოთხოვნის შესახებ.