„როიტერი“ – სლოვაკეთის პარლამენტმა ვიცე-პრემიერ ტომაშ ტარაბას თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა, შესაძლებელია, რობერტ ფიცოს მთავრობა დაიშალოს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს
სლოვაკეთის პარლამენტმა ვიცე-პრემიერისა და გარემოს დაცვის მინისტრის, ტომაშ ტარაბას თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილებამ გააჩინა შესაძლებლობა, რომ პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობა დაიშალოს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
კენჭისყრისას ტარაბას თანამდებობიდან გადაყენებას ოპოზიციასთან ერთად მმართველ კოალიციაში შემავალმა ერთ-ერთმა პარტიამ დაუჭირა მხარი.
სლოვაკეთის კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის მიერ მთავრობის წევრისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტი მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს.
რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პარტიის ხელმძღვანელობას შეხვდება და მთავრობის სამომავლო ნაბიჯებს განიხილავს. ფიცომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობაც არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ არჩევნები შესაძლოა იანვარში გაიმართოს, ამისთვის კი პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
როგორც „როიტერი“ წერს, მთავრობის დაშლა ავტომატურად არ გამოიწვევს ვადამდელ არჩევნებს. სლოვაკეთის კონსტიტუცია ასეთ შემთხვევაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობას ითვალისწინებს. შესაბამისად, შესაძლოა, ფიცომ მოქმედ პარტნიორებთან ახალი კოალიციის ჩამოყალიბება სცადოს.