„როიტერი“- სირიამ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის პროგრამის ნარჩენების განადგურება დაიწყო

21:57, 03.09.2026

სირიამ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის პროგრამის ნარჩენების განადგურება დაიწყო, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც განიარაღების საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, იზუმი ნაკამიცუმ და გაერო-ში სირიის ელჩმა, იბრაჰიმ ოლაბიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში სირიაში ქიმიური იარაღის პირველი დადასტურებული განადგურებაა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მაისში სირიის ახალმა ხელისუფლებამ აღმოაჩინა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის პროგრამის ნარჩენები, მათ შორის ნედლეული და საბრძოლო მასალა, რომელიც მსგავსია იმ იარაღისა, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ქიმიური თავდასხმებისთვის გამოიყენებოდა.

ნაკამიცუს განცხადებით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ (OPCW) 2014 წლის შემდეგ პირველად დაადასტურა სირიაში ქიმიური საბრძოლო მასალის განადგურება.

გაერო-ში სირიის ელჩმა განაცხადა, რომ ამ სამუშაოებით სირია „მსოფლიოსა და რეგიონს იცავს“.

ამასთან, ელჩმა, ოლაბიმ ისრაელი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისრაელის განმეორებითმა თავდასხმებმა ქიმიური იარაღის ძებნისა და განადგურების ოპერაციებს ხელი შეუშალა და პროცესში ჩართულ სირიელ სპეციალისტებს საფრთხე შეუქმნა. ოლაბის ინფორმაციით, სირიის ხელისუფლება ასევე ემზადება ქიმიური იარაღის პროგრამაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების წინააღმდეგ პირველი სასამართლო სხდომის ჩასატარებლად.

სირიის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში პროგრამაში სავარაუდო მონაწილეობისთვის 18 პირი დააკავა, მათ შორის მაღალი რანგის სამხედრო, პოლიტიკური და ტექნიკური სფეროს წარმომადგენლები.

მსგავსი