„როიტერი“ - შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ხარჯების შეკვეცის მიზნით, ხუთი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს
„როიტერი“ - შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ხარჯების შეკვეცის მიზნით, ხუთი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse ხარჯების შეკვეცის მიზნით, ხუთი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკისთვის ეს თანამშრომლების მეათედით შემცირებას ნიშნავს.

როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სამუშაო ადგილების პოტენციური შემცირების მასშტაბი ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც Credit Suisse და მისი ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი დგანან, რომელიც სკანდალების სერიის შემდეგ კომპანიის სტაბილურობის აღდგენას ცდილობს.

„როიტერის“ ცნობით, თავად ბანკში სამუშაო ადგილების შემცირების გეგმის შესახებ არ საუბრობენ. ორგანიზაციამ 2022 წელს „გარდამავალი“ უწოდა და უარყო გავრცელებული ხმები, რომ ის შესაძლოა, გაიყიდოს ან გაკოტრდეს.

„როგორც Credit Suisse-ში აცხადებენ, კომპანია საშუალოვადიან პერსპექტივაში ხარჯების 15,5 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკამდე შემცირებას გეგმავს, თუმცა არ უთქვამთ, რომ სამუშაო ადგილებს შეამცირებენ.

ბანკის ახალ აღმასრულებელ დირექტორს ულრიხ კერნერს ამოცანად დაუსახეს ხარჯების ერთ მილიარდზე მეტით შემცირება, რათა დაეხმაროს ბანკს წარუმატებლობისა და სკანდალების სერიის შემდგომ აღდგენაში. კერნერმა ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე ტომას გოტშტაინი აგვისტოში შეცვალა ხმაურიანი ორი წლის შემდეგ, რომელიც აღინიშნა დიდი დანაკარგებით, შვეიცარიაში ბანკისთვის გამოტანილი იშვიათი განაჩენით და აქციების ფასის 40%-იანი კლებით. აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ბანკმა დააფიქსირა 1,59 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის დანაკარგი მზარდი იურიდიული ხარჯების ფონზე. მხოლოდ Credit Suisse-ის საინვესტიციო ბანკის დანკარგმა შეადგინა 1,12 მილიარდი ფრანკი“, – წერს „როიტერი“.