„როიტერი“ - სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ბელარუსში, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის სამხედრო ბაზა შენდება
„როიტერი“ - სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ბელარუსში, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის სამხედრო ბაზა შენდება

სატელიტური გამოსახულებები აჩვენებს, რომ ბელარუსში, სავარაუდოდ, „ვაგნერის“ მებრძოლებისთვის ბაზა შენდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალება აქვეყნებს ბელარუსის დედაქალაქ მინსკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზის სატელიტურ გამოსახულებებს, სადაც ჩანს ბოლო დღეებში შექმნილი ახალი ობიექტები.

„როიტერი“ ვარაუდობს, რომ ბაზის მშენებლობა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერისთვის“ მიმდინარეობს. 27 ივნისს ევროპული კოსმოსური სააგენტოს კუთვნილი სატელიტის მიერ გადაღებული გამოსახულებები აჩვენებს სტრუქტურებს სოფელ ცელთან. აღნიშნული ტერიტორია 14 ივნისს ცარიელი იყო. მანამდე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ვაგნერმა“ ახალი ბაზა, შესაძლოა, მინსკიდან 90 კილომეტრში მდებარე ქალაქ ოსიპოვიჩისთან მდებარე ცარიელ სამხედრო ობიექტზე მოაწყოს.