„როიტერი“ – სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნისთვის მზადებას აგრძელებს, თუმცა უახლოეს მომავალში მათი გაგზავნის ნიშნები არ დაფიქსირებულა
სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნისთვის მზადებას აგრძელებს, თუმცა უახლოეს მომავალში მათი გაგზავნის ნიშნები არ დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული შეფასება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა, გასულ კვირას უარყო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომ ფხენიანი რუსეთის დასახმარებლად დამატებით 50 000-მდე სამხედროის გაგზავნას გეგმავდა.
„როიტერის“ ცნობით, სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტარ იუ იონგ-ვონისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს კვლავ აწვდის შეიარაღების სისტემებს, მათ შორის მოკლე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს. სამინისტროს შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 15 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. რაოდენობა 152-მილიმეტრიანი ჭურვების ეკვივალენტშია დათვლილი.
განცხადებაში ასევე საუბარია ბალისტიკურ რაკეტებსა და სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც, სეულის შეფასებით, შესაძლოა, სამხრეთ კორეასთან კონფლიქტში გამოიყენონ. სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ასევე ოპერატიული გამოყენებისთვის ამზადებს საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტას „ჰვასონგ-12-ს“, რომელსაც აშშ-ის ტერიტორია კუნძულ გუამამდე მიღწევა შეუძლია. სამინისტროს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტებს აშშ-ის კონტინენტურ ნაწილამდე მიღწევა შეუძლიათ, თუმცა ჯერ დადასტურებული არ არის, რომ მათ ქობინის ატმოსფეროში ხელახლა შეღწევის ტექნოლოგია სრულად აქვთ განვითარებული.
სამხრეთ კორეის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს შეფასებაზე დაყრდნობით, იუ იონგ ვონის ოფისმა განაცხადა, რომ ომში გამოყენებული ჩრდილოეთკორეული რაკეტების სიზუსტე შესაძლოა, გაუმჯობესებულიყო საბრძოლო ველიდან მიღებული მონაცემების, რუსეთის ტექნიკური კონსულტაციებისა და კომპონენტებით მხარდაჭერის შედეგად.