„როიტერი“ – სამხრეთ კორეამ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტის გაშვება და სამხედროებს აშშ-თან ერთობლივი სამხედრო სწავლებების ფონზე სრულ მზადყოფნაში ყოფნა უბრძანა
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაგმო ჩრდილოეთ კორეის მიერ ათზე მეტი მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვება და სამხედროებს აშშ-თან მიმდინარე ერთობლივი სამხედრო სწავლებების ფონზე სრულ მზადყოფნაში ყოფნა უბრძანა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ლი ჯე-მიონის ადმინისტრაციის განცხადებით, რაკეტების გაშვების შემდეგ, რომლებიც ფხენიანის რაიონიდან კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ზღვის მიმართულებით გაისროლეს, უსაფრთხოების საკითხებზე საგანგებო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო უწყებების წარმომადგენლები.
„ბალისტიკური რაკეტების გაშვება მძიმე ქმედებაა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ჩრდილოეთ კორეას მსგავსი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება იაპონიის მთავრობამ და სანაპირო დაცვამაც დაადასტურეს. იაპონური მედიის ცნობით, რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, ზღვაში ჩავარდა.