„როიტერი“ - საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს
„როიტერი“ - საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს

საფრანგეთმა, შესაძლოა, უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორები უახლოეს მომავალში გაგზავნოს. როგორც „როიტერი“ სამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სავარაუდოა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილების შესახებ მომავალ კვირაში, უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას გამოაცხადებს.

„როიტერის“ ცნობით, საფრანგეთი იმედოვნებს იმ ქვეყნების კოალიციის შექმნასა და ხელმძღვანელობას, რომლებიც უკრაინას მსგავს დახმარებას გაუწევენ, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრი რუსეთთან შესაძლო პირდაპირი კონფლიქტის გამო შიშობს.

როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთი თავდაპირველად პერსონალის შეზღუდულ რაოდენობას გაგზავნის მისიის შესაფასებლად, შემდეგ კი  – რამდენიმე ასეულ ინსტრუქტორს. წვრთნები ფოკუსირებული იქნება განაღმვაზე, აღჭურვილობის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაზე და ავიაციასთან დაკავშირებით ტექნიკურ ცოდნაზე. საფრანგეთი ასევე დააფინანსებს, შეაიარაღებს და გაწვრთნის უკრაინის მოტორიზირებულ ბრიგადას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩასვლას 6 ივნისს, მოკავშირე ძალების ნორმანდიაში გადასხდომის მე-80 წლისთავზე გეგმავს.