„როიტერი“ – რუსეთს საბანკო კრიზისის მკვეთრი გამწვავების საფრთხე ემუქრება

21:36, 06.07.2026

რუსეთს საბანკო კრიზისის მკვეთრი გამწვავების საფრთხე ემუქრება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპული სახელმწიფო დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით წერს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ  რუსულ ბანკებს ქვეყნის საომარი ეკონომიკის დაფინანსების მნიშვნელოვანი ტვირთი აწევთ. გაფრთხილება იმ დროს ვრცელდება, როცა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს.

ორგვერდიან დოკუმენტში, რომელიც ბოლო კვირებში ევროპელი მაღალჩინოსნებისთვის  რუსეთის საბანკო სექტორის მდგომარეობის შესაფასებლად მომზადდა, ნათქვამია, რომ რუსული ბანკები დასავლეთის მხრიდან დამატებითი შეზღუდვების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან.

დაზვერვის ანგარიშში სახელწოდებით „ჩანაწერი რუსეთში 2026 წელს საბანკო კრიზისის ალბათობის შესახებ“, აღნიშნულია, რომ ბანკებს სუბსიდირებული სესხების გაცემა უწევთ თავდაცვითი სექტორის კომპანიებისთვის, ბინის მყიდველებისა და სხვა მსესხებლებისთვის. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი საკრედიტო პროგრამები, სესხების რესტრუქტურიზაცია და სამთავრობო დახმარება ბანკების რეალურ პრობლემებსა და სისუსტეებს მხოლოდ ფარავს.

„ეს ვითარება ქმნის დინამიკური ეკონომიკის ილუზიას, თუმცა სინამდვილეში მალავს უკიდურესად არასტაბილურ მდგომარეობას. ეკონომიკურმა შოკმა, მაგალითად, ბანკების წინააღმდეგ მიმართულმა მკაცრმა სანქციებმა, შესაძლოა, ეს მდგომარეობა მწვავე საბანკო კრიზისად აქციოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შეფასებაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა, თუმცა ბოლო პერიოდში უწყება არაერთხელ აცხადებდა, რომ მასშტაბური საბანკო კრიზისის რისკი გადაჭარბებულია.

მსგავსი