„როიტერი“ - რუსეთი ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება
რუსეთი ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოსაცდელად ემზადება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, კალიფორნიის მიდლბურის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელმა, ჯეფრი ლუისმა და ვირჯინიაში განლაგებული CNA კვლევისა და ანალიზის ორგანიზაციის წევრმა, დეკერ ევლეტმა ბოლო კვირების განმავლობაში გადაღებული სატელიტური სურათები შეისწავლეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ფოტოები ასახავდა ინტენსიურ აქტივობას პანკოვოს საცდელ ბაზაზე, ბარენცის ზღვის არქიპელაგ ახალ მიწაზე, მათ შორის, პერსონალისა და აღჭურვილობის ზრდას და ხომალდებსა და თვითმფრინავებს.
„ჩვენ ვხედავთ მთელ აქტივობას საცდელ ბაზაზე, რაც მოიცავს როგორც ოპერაციების მხარდასაჭერად შემოტანილ უზარმაზარ მარაგებს, ასევე მოძრაობას იმ ადგილას, საიდანაც რაკეტას უშვებენ“, – განაცხადა ლუისმა.
რუსეთის მიერ ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტის გამოცდას ადასტურებენ დასავლელი მაღალჩინოსნებიც. წყაროები „როიტერთან“ ამბობენ, რომ რუსეთმა რაკეტა, შესაძლოა, ამ კვირაში გამოცადოს.