„როიტერი“ - რომის პაპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი მოსკოვში ვიზიტი ფოკუსირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე და არა სამშვიდობო გეგმაზე
„როიტერი“ - რომის პაპის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი მოსკოვში ვიზიტი ფოკუსირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე და არა სამშვიდობო გეგმაზე

რომის პაპის წარმომადგენელის, კარდინალ მატეო ზუპის განცხადებით, მისი მისია მოსკოვში ორიენტირებული იყო ჰუმანიტარულ საკითხებზე და არ მოიცავდა სამშვიდობო გეგმის განხილვას. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, მატეო ზუპი ამ კვირაში მოსკოვში შეხვდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მრჩეველს, იური უშაკოვს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს.

„ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ ასპექტებში, რაზეც ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ. არ არსებობს სამშვიდობო გეგმა და შუამავლობა“, – განაცხადა მატეო ზუპიმ.

ამასთან, ვატიკანის განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ვიზიტი „მიზნად ისახავს ჰუმანიტარული ინიციატივების იდენტიფიცირებას, რამაც შეიძლება გახსნას გზა მშვიდობისკენ“.

„როიტერი“ წერს, რომ რომის პაპმა ფრანცისკემ მაისში სთხოვა მატეო ზუპის, იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის ხელმძღვანელს, შეესრულებინა სამშვიდობო მისია, რათა დახმარებოდა უკრაინაში ომის დასრულებაში. რომის პაპმა ფრანცისკემ არაერთხელ მოუწოდა რუსული აგრესიის შეწყვეტისკენ.