„როიტერი“ - პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა
პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ინდოეთის მთავრობაში კი აცხადებენ, რომ მათი სამიზნე სამხედრო ობიექტები არ ყოფილა და ოპერაცია მიმართული იყო ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
„ცოტა ხნის წინ ინდოეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს ოპერაცია, რომელიც მიმართული იყო პაკისტანში და ჯამუ-ქაშმირში არსებული ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, საიდანაც იგეგმებოდა და იმართებოდა ინდოეთზე ტერორისტული თავდასხმები. ჩვენი მოქმედებები იყო ფოკუსირებული, კარგად გაზომილი და არაესკალაციური ხასიათის. პაკისტანის სამხედრო ობიექტები არ ყოფილა სამიზნე. ინდოეთმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი თავშეკავება სამიზნეების შერჩევასა და შესრულების მეთოდში“, – აღნიშნულია ინდოეთის მთავრობის განცხადებაში.
ამასთან, დარტყმების შემდეგ ინდოეთის არმიამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ „სამართლიანობა აღსრულდა“.
როგორც „როიტერი“ წერს, პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაკისტანს საპასუხო რეაქცია უკვე აქვს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„როიტერის“ ინფორმაციით, აფეთქებების შემდეგ ელექტროენერგია გაითიშა ქაშმირის დედაქალაქში.
პაკისტანში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ინდოეთმა მათ ტერიტორიაზე, სამ ლოკაციაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, თავდასხმა დაადასტურეს ინდოეთის მთავრობაშიც.