„როიტერი“ - ნეპალში საპროტესტო აქციებისას დაღუპულ დემონსტრანტთაგან, სულ მცირე, 33 პირი არა რეზინის, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების შედეგად დაიღუპა
ნეპალში საპროტესტო აქციებისას დაღუპულ დემონსტრანტთაგან, სულ მცირე, 33 პირი არა რეზინის, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიების შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერს“ ამის შესახებ იმ სამედიცინო ინსტიტუტის წევრმა აცნობა, რომელმაც ცხედრების გაკვეთა ჩაატარა. როგორც მედია წერს, პირმა მან ანონიმურობის დაცვა მოისურვა.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ რეზინის ტყვია გარდაცვლილთაგან მხოლოდ ერთს მოხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაკვეთილი 34 ცხედრიდან, ათს ტყვია თავში, 18-ს გულმკერდის, ოთხს მუცლის, ორს კი კისრის არეში ჰქონდა ნასროლი. აქედან რეზინის ტყვია მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა მოხვედრილი.
ნეპალის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, შარმა ოლიმ, რომელმაც თანამდებობა არეულობის ფონზე დატოვა, საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ ბრძანების გაცემას უარყოფს.
ცნობისთვის, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები ნეპალში სოციალური მედიის აკრძალვის გამო დაიწყო და მოგვიანებით ანტიკორუფციულ გამოსვლებში გადაიზარდა. საპროტესტო აქციებში ძირითადად ე.წ GenZ-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციების დროს ჯამში 74 ადამიანი გარდაიცვალა, ორი ათასზე მეტი კი დაშავდა.