„როიტერის“ ინფორმაციით, მიანმარში, საპროტესტო აქციებზე ამ დრომდე 300 ადამიანი მოკლეს
„როიტერის“ ინფორმაციით, მიანმარში, საპროტესტო აქციებზე ამ დრომდე 300 ადამიანი მოკლეს

საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, მიანმარში, დემონსტრაციებზე 300 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე მოკლული ადამიანების 25 პროცენტს სასიკვდილო ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ქვეყნის სამხედროები აქციების დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტს უარყოფენ.

„როიტერის“ ინფორმაციით, ყველაზე პატარა მსხვერპლი შვიდი წლის ხინ მაიო ჩიტია, რომელიც მამასთან ერთად იყო, როდესაც მოკლეს.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროები ქვეყანაში 8 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ, „დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ“ ხმების უმრავლესობა მოიპოვა. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია კი აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს.