„როიტერი“ - კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს
„როიტერი“ - კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, გერმანიის ბუნდესტაგთან უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

„ბერლინის პოლიციამ უსაფრთხოების ძალები გაზარდა რაიხსტაგის შენობასთან“, – ნათქვამია ბუნდესტაგის თავმჯდომარე ვოლფგანგ შოიბლეს წერილში, რომლიც მან კანონმდებლებს გაუგზავნა.

ბუნდესტაგის პრესსპიკერმა შოიბლეს წერილის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მისი შინაარსის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.

გერმანული მედია ასევე წერს, რომ შოიბლემ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ანგარიშის წარდგენა, რომელშიც აშშ-ის კონგრესის შენობაში შეჭრის დეტალები იქნება აღწერილი.

„ეს ანგარიში უფრო მკაფიო წარმოდგენას შეუქმნის გერმანიის ფედერალურ მთავრობას და ბერლინის ადგილობრივ ხელისუფლებას, თუ რა დასკვნების გამოტანაა აუცილებელია, ბუნდესტაგის უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში 6 იანვარს შეიჭრნენ. არეულობის დროს  ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი პოლიციელი. კონგრესის შენობაში შეჭრილი აქტივისტების ნაწილი პოლიციამ უკვე დააკავა.