„როიტერი“ - კაია კალასმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ პეკინმა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა უნდა დააბალანსოს
„როიტერი“ - კაია კალასმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს განუცხადა, რომ პეკინმა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობა უნდა დააბალანსოს

ევროკავშირმა და ჩინეთმა სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში მე-13 შეხვედრა გამართეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იმ, ორმხრივი საკითხების გარდა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიც განიხილეს.

„უმაღლესმა წარმომადგენელმა ვანგ ის განუცხადა, რომ პეკინმა უნდა დააბალანსოს სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირთან და გააფრთხილა, რომ ჩინური კომპანიების მხარდაჭერა რუსეთის ომისადმი უკრაინაში სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. მან ასევე მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, – წერს „როიტერი“.

სააგენტოს ცნობით, კალასმა მინისტრთან შეხვედრისას ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთმა უნდა დაასრულოს იშვიათი ლითონების ექსპორტზე შეზღუდვები, რაც მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ევროპულ კომპანიებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვების სანდოობას.

„როიტერი“ წერს, რომ მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთის საკითხი და მიესალმნენ ისრაელსა და ირანს შორის დეესკალაციას.