„როიტერი“ – ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს სოფელ ქუსრაში სამხედროები შეიყვანა
ისრაელმა დასავლეთ სანაპიროს სოფელ ქუსრაში სამხედროები შეიყვანა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელელმა ახალმოსახლეებმა რამდენიმე პალესტინური ოჯახი ალყაში მოაქციეს და მათ სახლის დატოვებას აიძულებდნენ.
გამოცემა „როიტერის“ ინფორმაციით, ადგილობრივმა ისრაელელებმა პალესტინელთა ოჯახები ალყაში შაბათ-კვირას მოაქციეს. მედიის ცნობით, ახალმოსახლეებმა სოფლის გზა გადაკეტეს და პალესტინელთა ეზოებში კარავი გაშალეს, რათა არავინ შეეშვათ ან გამოეშვათ. ადგილობრივი პალესტინელების თქმით, სოფელ ქუსრაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენები მათი მიწიდან გაძევებას ისახავს მიზნად.
ამის პარალელურად, დაპირისპირება მოხდა თავად ახალმოსახლე ისრაელელებსა და ისრაელელ სამხედრო პირებს შორის.
ცნობისთვის, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, სადაც პალესტინელები ცხოვრობენ, ისრაელმა 1967 წლის ახლო აღმოსავლეთის ომის დროს დაიკავა. დასავლეთ სანაპიროს მოსახლეობა ოთხ მილიონს აღემატება, მათ შორის 3.3 მილიონზე მეტი პალესტინელია, 670 000 კი – ისრაელელი.