„როიტერი“ - „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მკვლელობა ორჯერ სცადა
„როიტერი“ - „ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მკვლელობა ორჯერ სცადა

„ისლამურმა სახელმწიფომ“ სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას მკვლელობა ბოლო თვეებში ორჯერ სცადა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კერძოდ, როგორც „როიტერი“ სირიის მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ქვეყნის ხელისუფლებამ სირიის პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი შეთქმულების დროულად გამოვლენა და აღკვეთა შეძლო.

ანონიმური წყარო „როიტერთან“ საუბარში ამბობს, რომ ერთ-ერთ შემთხვევაში სირიის პრეზიდენტის მკვლელობას წინასწარ დაგეგმილი შეხვედრის დროს აპირებდნენ. სხვა დეტალები წყაროს არ დაუსახელებია.

სირიის ინფორმაციის სამინისტროს კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც დამასკოში აცხადებენ, „ისლამური სახელმწიფო“ კვლავაც წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს სირიისა და რეგიონისთვის. მათივე ინფორმაციით, ბოლო ათ თვეში სირიის მთავრობამ შეძლო ტერორისტების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილი თავდასხმების აღკვეთა, მათ შორის იყო რელიგიური შენობები.

„სირია ადასტურებს, რომ მზადაა, დაიცვას სირიელი ხალხი და გააგრძელოს ბრძოლა ტერორიზმის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ“, – ნათქვამია სირიის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებაში.

სირიის პრეზიდენტის მკვლელობის მიზნით შეთქმულებების შესახებ ინფორმაცია აჰმედ ალ-შარაას ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე ვრცელდება. როგორც ცნობილია, ის დღეს აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდება. ალ-შარაა გეგმავს, განაცხადოს, რომ სირია უერთდება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ კოალიციას.

ცნობისთვის, სირიის ხელისუფლებაში მოსვლამდე აჰმედ ალ-შარაა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ-ალ-შამს“ ხელმძღვანელობდა, რომელიც „ალ-ქაიდასთან“ იყო დაკავშირებული.