„როიტერი“ - ირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა, თეირანში აცხადებენ, რომ ნებისმიერ ტანკერს გაუხსნიან ცეცხლს, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება
ირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა. როგორც ირანში აცხადებენ, ნებისმიერ ტანკერს ცეცხლს გაუხსნიან, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება.
მედიის ცნობით, თეირანში ასევე არ გამორიცხავენ სრუტეში ნაღმების გამოყენებასაც, რაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ნაოსნობისთვის.
აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს 6 000-მდე სხვადასხვა ნაღმის მარაგი აქვს.
ამჟამად, ჰორმუზის სრუტის მიმდებარედ, 150-მდე ტანკერია ჩარჩენილი, ოთხი მათგანი დაზიანდა, სადაზღვევო კომპანიებმა კი რისკების ანაზღაურებაზე უარი თქვეს.
ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა აისახება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზეც. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ნავთობის ფასებმა 10%-ით უკვე მოიმატა, „ბრენტის“ ბარელი ნავთობის ფასი 80 დოლარი ფარგლებში მერყეობს. მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო მოსალოდნელია, რომ ფასები კიდევ უფრო აიწევს.
აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტე სპარსეთისა და ომანის ყურეებს ერთმანეთთან აკავშირებს და სწორედ აქედან ხდება არა მხოლოდ ირანის, არამედ ერაყის, ქუვეითის, კატარის, გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის მიერ მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება, რაც გლობალურად მოხმარებული ნავთობის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ასევე ჰორმუზის სრუტით ხდება მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორისგან, კატარიდან გათხევადებული აირის ტრანსპორტირებაც, რაზეც 20-25% მოდის.