„როიტერი“ – ირანმა ერაყის რამდენიმე ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილების ნებართვა მისცა

01:19, 23.08.2026

ირანმა ერაყის რამდენიმე ნავთობტანკერს ჰორმუზის სრუტის გავლით გადაადგილების ნებართვა მისცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისი თხოვნით ბაღდადმა თეირანს სხვადასხვა არხის მეშვეობით არაერთხელ მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ერაყული ტანკერებისთვის სპეციალური ნებართვის მიღება ბაღდადის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამად ბაღერ ღალიბაფის ერაყში ვიზიტის დროს.

როგორც ერაყის პრეზიდენტმა, ნიზარ ამედიმ განაცხადა, ბოლო დღეებში ირანმა ხელი შეუწყო ერაყული ნავთობის გადამზიდავი გემების ჰორმუზის სრუტეში გავლას. მისივე თქმით, ბაღდადმა ირანელ ოფიციალურ პირებთან ასევე განიხილა ერაყული ნავთობის ჰორმუზის გავლით ექსპორტის საკითხი. ამასთან, ნიზარ ამედის თქმით, ეს საკითხი კვლავ რთული რჩება.

ერაყი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივად ჩაკეტვამ ყველაზე მეტად დააზარალა. ირანის ომის დაწყებამდე ერაყი დღეში დაახლოებით 4 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა.

ერაყის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბაღდადი მუშაობს ექსპორტის გაზრდაზე თურქეთის ჯეიჰანის პორტის გავლით, ასევე ნავთობის ექსპორტის დაწყებაზე სირიის ბანიასის პორტისა და იორდანიის აქაბას პორტის მეშვეობით.

მსგავსი