„როიტერი“ - ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს
ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს. როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, განიხილება ორი კანდიდატი – ალი ხამენეის 56 წლის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი და ისლამური რევოლუციის ლიდერისა და ყოფილი აიათოლას, რუჰოლა ხომეინის შვილიშვილი, ჰასან ხომეინი.
ჰასან ხომეინი მჭიდროდ არის დაკავშირებული რეფორმატორთა ფრთასთან, რომელიც პოლიტიკური და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ხამანეის ვაჟი – მოჯტაბა კი, მამის მსგავსად, ხისტი ხაზის მხარდამჭერია.
როგორც „როიტერი“ წერს, გამორიცხული არ არის, რომ კანდიდატურები შეიცვალოს. საბოლოო სიტყვა მოქმედ აიათოლას ეკუთვნის.
ამასთან, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, რომ აიათოლა ალი ხამენეის სამი შესაძლო პრეტენდენტი ჰყავს, თუმცა მათ შორის მისი ვაჟი არ ფიგურირებს.