„როიტერი“ - ირანის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს
„როიტერი“ - ირანის მთავრობის წევრი აცხადებს, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს

ირანის მთავრობის წევრმა „როიტერს“ განუცხადა, რომ გასული ღამის ინციდენტის შემდეგ თეირანი ისრაელისთვის პასუხის გაცემას არ გეგმავს.

„როიტერი“ წერს, რომ თავდასხმის შეზღუდული მასშტაბი და ირანის მდუმარე პასუხი, როგორც ჩანს, მიანიშნებს დიპლომატების წარმატებულ ძალისხმევაზე, რომლებიც განუწყვეტლად მუშაობენ ყოვლისმომცველი ომის თავიდან ასაცილებლად.

„შემთხვევის უცხოური წყარო არ დადასტურებულა. ჩვენ არ მიგვიღია არანაირი გარე შეტევა და დისკუსია უფრო მეტად იხრება ინფილტრაციისკენ, ვიდრე თავდასხმისკენ“, – განუცხადა ირანის სამთავრობო წყარომ „როიტერს“.

ამერიკული მედიის ცნობით, ღამით ისრაელმა „შეზღუდული“ საპასუხო დარტყმა განახორციელა ირანში სამიზნეებზე. აფეთქებები ქალაქ ისპაჰანთან მოხდა. ირანის სახელმწიფო სააგენტოებმა დაწერეს, რომ ქვეყნის რიგ პროვინციებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უპილოტო თვითმფრინავების მიახლოებას უპასუხეს.

ისპაჰანის პროვინციაში ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხო მდგომარეობაა. ამავდროულად, ირანელმა სამმა ოფიციალურმა პირმა „ნიუ იორკ თაიმსს“ დაუდასტურა, რომ თავდასხმის სამიზნე ისპაჰანის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა იყო.