„როიტერი“ – „ჰუავეი“ ვაშინგტონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს
ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი „ჰუავეი“ მიმდინარე კვირაში ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, სარჩელი, რომელსაც „ჰუავეი“ ხუთშაბათს ტეხასის შტატის სასმართლოში შეიტანს, მიმართულია აშშ-ის ეროვნული თავდაცვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ შესატანი ცვლილების წინააღმდეგ, რომლის ინიცირებაც გასულ წელს მოხდა.
„ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ განახლებული ვერსია, რომელმაც ოფიციალური პეკინის უკმაყოფილება გამოიწვია, აკონტროლებს აშშ-ის მთავრობის მიერ ჩინურ კომპანიებთან, მათ შორის „ჰუავეისთან“ დადებულ კონტრაქტებს. ახალი საკანონმდებლო ცვლილება აძლიერებს იმ მარეგულირებელი ორგანოს საზედამხედველო ფუნქციას, რომელიც უცხოურ საინვესტიციო წინადადებებს განიხილავს.
„ჰუავეის“ სამართლებრივი დავის გეგმებზე ინფორმაცია პირველად ამერიკულმა გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა. გამოცემა ორ ანონიმურ წყაროს ეყრდნობოდა.
„ჰუავეიმ“ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთა. თუმცა კომაპნიამ „როიტერი“ და სხვა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ხუთშაბათს დანიშნულ პრეს-კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც ჩინეთში „ჰუავეის“ სათაო ოფისში გაიმართება.
ანალიტიკოსების აზრით, სამართლებრივი დავა იქნება „ჰუავეის“ პასუხი ვაშინგტონის მცდელობაზე, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს მეკავშირეები, რომ დაბლოკონ „ჰუავეის“ პროდუქცია შპიონაჟთან დაკავშირებული რისკების გამო. აღნიშნულ ბრალდებას ჩინური კომპანია მუდმივად უარყოფს.