„როიტერი“ - „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ხუთი პალესტინელი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის ორი ჯაშუშობისთვის
„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ხუთი პალესტინელი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის ორი ჯაშუშობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. როგორც „როიტერი“ წერს, დაჯგუფება „ჰამასის“ მხრიდან ადამიანთა სიკვდილით დასჯა 2017 წლის შემდეგ არ მომხდარა ღაზას სექტორში.
მედიის ცნობით, სიკვდილით დასჯა ითვალისწინებს ბრალდებულების დახვრეტას ან ჩამოხრჩობას.
„როიტერის“ ინფორმაციით, სამი პირის სიკვდილით დასჯა მკვლელობისთვის მოხდა, ხოლო ორი პალესტინელი ისრაელის სასრგებლოდ ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებულები, რომელთა მიერ ისრაელისთვის გაცემულმა ინფორმაციამ, პალესტინელთა სიკვდილი გამოიწვია.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ან დაზვერვის სამსახურში, აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
პალესტინის და საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა დაგმეს დაჯგუფება „ჰამასის“ მხრიდან პალესტინელების სიკვდილით დასჯა და მოუწოდეს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა.