„როიტერი“ - „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ზოგიერთი ირანელი ლიდერისთვის სიურპიზი აღმოჩნდა
„ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა ზოგიერთი ირანელი ლიდერისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო აშშ-ის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, ირანში, სავარაუდოდ, იცოდნენ, რომ „ჰამასი“ თავდასხმას ამზადებდა, თუმცა ზოგიერთი ირანელი ლიდერი გაკვირვებული იყო მებრძოლების მიერ ჩატარებული უპრეცედენტო მასშტაბის ოპერაციის გამო.
„როიტერს“ აშშ-ის სადაზვერვო მონაცემების შესახებ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ, როგორც წესი, ირანელმა ლიდერებმა იციან „ჰამასის“ ოპერაციების დეტალები.
მანამდე თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონში ამ ეტაპზე არ გააჩნიათ დასაბუთება, რომ ირანი სპეციფიკურად ამ თავდასხმის ორგანიზებაში ეხმარებოდა „ჰამასს“.