„როიტერი“ – გერმანია რეზერვისტების სავალდებულო მომზადების პროგრამის ამოქმედებას გეგმავს
გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო რეზერვისტების სავალდებულო გამოძახებასა და მომზადებას ითვალისწინებს. ინიციატივის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდა და რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხეების ფონზე სწრაფი მობილიზაციის შესაძლებლობის გაუმჯობესება, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გერმანია გეგმავს, რომ დაახლოებით 2030-2035 წლისთვის რეზერვისტების რაოდენობა 200 000-მდე გაზარდოს. ამასთან, ქვეყნის მიზანია მოქმედი სამხედროების რაოდენობა, სულ მცირე, 260 000-მდე გაზარდოს.
კანონპროექტის მიზანია, რომ რეზერვისტები მუდმივად მომზადებული იყვნენ და საჭიროების შემთხვევაში სწრაფად ჩაერთონ სამხედრო ოპერაციებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ნატო გერმანიისგან ძალების სწრაფ მობილიზებას მოითხოვს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო მიიჩნევს, რომ, ევროპაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მხოლოდ ნებაყოფლობით მონაწილეობაზე დამოკიდებულება უკვე საკმარისი აღარ არის.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს „ომისთვის მზადყოფნა“ და გააუმჯობესოს ძალების სწრაფად მობილიზების უნარი იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი დაიწყება.
გერმანიის თავდაცვის უწყება ელოდება, რომ კანონი ძალაში მომავალი წლის დასაწყისიდან შევა.