„როიტერი“ – გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატებს შორის კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რებეკა გრინსპანი ლიდერობს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ჩატარებული არაფორმალური კენჭისყრის შემდეგ, გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რებეკა გრინსპანი ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს უშიშროების საბჭოს მიერ ჩატარებული უკვე მეოთხე არაფორმალური კენჭისყრაა. წინა, 18 სექტემბრის კენჭისყრაზეც გრინსპანმა ყველაზე მეტი მხარდაჭერა მიიღო – ცხრა ხმა. მეორე ადგილზე გაიანა-ს კანდიდატი, გაერო-ში ქვეყნის ელჩი კეროლინ როდრიგეს-ბირკეტი გავიდა, რომელსაც რვა ხმა ჰქონდა.
გენერალური მდივნის პოსტზე ამ ეტაპზე შვიდი კანდიდატი განიხილება. მათ შორის არიან – რებეკა გრინსპანი, კეროლინ როდრიგეს-ბირკეტი, რაფაელ გროსი, სენეგალის ყოფილი პრეზიდენტი, მაკი სალი, ეკვადორელი მარია ფერნანდა ესპინოსა, ეკვადორელი ივონ ა-ბაკი და უგანდელი ოლარა ოტუნუ.
გაერო-ს მოქმედი გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის მეორე ხუთწლიანი ვადა 2026 წლის 31 დეკემბერს იწურება. მისი შემცვლელი ხუთწლიანი ვადით 2027 წლის პირველ იანვრიდან დაიკავებს თანამდებობას.