ევროპული ქვეყნების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა ემანუელ მაკრონის იმ განცხადებაზე, რომელშიც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზეა საუბარი
ევროპული ქვეყნების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა ემანუელ მაკრონის იმ განცხადებაზე, რომელშიც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზეა საუბარი

ევროპული ქვეყნების ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, რომელშიც მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა უნდა დაფიქრდეს, როგორ მისცეს რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მაშინ, როდესაც მოსკოვი მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდება. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

აღსანიშნავია, რომ მაკრონის ამ განცხადების გამო, პროტესტი უკრაინამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დაუყოვნებლივ გამოთქვეს. თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ მაკრონის განცხადებას გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭეს. ამის მიუხედავად, ემანუელ მაკრონის განცხადების გამო, 12 დეკემბერს ევროკავშირის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად გამოთქვა უკმაყოფილება.

„როიტერის“ ცნობით, ოფიციალური „დემარშის“ ორგანიზება მოახდინა ჩეხეთმა, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ჩეხეთს შეუერთდნენ ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი და სლოვაკეთი.

როგორც ჟურნალისტებს ევროკავშირის დიპლომატებმა განუცხადეს, დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ყველა ქმედებები მიმართული იყო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ევროპის გახლეჩას, დასუსტებას.

დოკუმენტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორშაბათს, 19 დეკემბერს გადაეგზავნა.