„როიტერი“ - ევროპულ სადაზვერვო სამსახურებში სკეპტიკურად უყურებენ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე წელს მიღწევის პერსპექტივას
„როიტერი“ - ევროპულ სადაზვერვო სამსახურებში სკეპტიკურად უყურებენ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე წელს მიღწევის პერსპექტივას

ევროპულ სადაზვერვო სამსახურებში სკეპტიკურად უყურებენ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიმდინარე წელს მიღწევის პერსპექტივას. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემას ხუთმა ევროპული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა, რუსეთს ომის სწრაფად დასრულება არ სურს. მათგან ოთხის თქმით, მოსკოვი მოლაპარაკებებს სანქციებისგან გათავისუფლებისა და სავაჭრო გარიგებების მოსაპოვებლად იყენებს.

კერძოდ, ერთ-ერთი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოსკოვს სურს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანამდებობიდან გადაყენება და უკრაინის „ნეიტრალურ“ ბუფერულ სახელმწიფოდ გადაქცევა. მეორე სადაზვერვო ხელმძღვანელის თქმით კი, მთავარი პრობლემა არის, რომ რუსეთს სწრაფი მშვიდობა არც სურს და არც სჭირდება, ხოლო მისი ეკონომიკა „კოლაფსის ზღვარზე არ დგას“.

ამასთან, ერთ-ერთი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა სააგენტოს განუცხადა, რომ შეცდომაა, გვჯეროდეს, თითქოს დონეცკის დათმობა გამოიწვევს სამშვიდობო გარიგებას. მისი თქმით, დათმობის შემთხვევაში „ეს იქნება შესაძლო რეალური მოლაპარაკებების დასაწყისი“, რის შემდეგაც რუსეთი ახალ მოთხოვნებს წამოაყენებს.

ორი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, მოსკოვი ცდილობს მოლაპარაკებები ორ ნაწილად გაყოს: ერთია ომთან დაკავშირებული, მეორე კი – ამერიკასთან ორმხრივი შეთანხმებები, მათ შორის, სანქციების გაუქმება.