„როიტერი“ - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის პროექტის თანახმად, უკრაინა ერთგულებას იჩენს გაწევრიანების იდეისადმი, თუმცა უნდა შეცვალოს უარყოფითი ტენდენციები კორუფციასთან ბრძოლაში
„როიტერი“ - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის პროექტის თანახმად, უკრაინა ერთგულებას იჩენს გაწევრიანების იდეისადმი, თუმცა უნდა შეცვალოს უარყოფითი ტენდენციები კორუფციასთან ბრძოლაში

„როიტერი“ ინფორმაციით, ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ მომზადებული ანგარიშის პროექტში ნათქვამია, რომ უკრაინა მტკიცე ერთგულებას იჩენს ევროკავშირში გაწევრიანების იდეის მიმართ, თუმცა უნდა შეცვალოს ბოლოდროინდელი უარყოფითი ტენდენციები კორუფციასთან ბრძოლაში და დააჩქაროს რეფორმები კანონის უზენაესობის სფეროში.

„იმ რთული გარემოებების მიუხედავად, რომელშიც ქვეყანა რუსეთის აგრესიული ომის გამო აღმოჩნდა, უკრაინამ ბოლო წლის განმავლობაში განაგრძო ევროკავშირში გაწევრიანების გზისადმი განსაკუთრებული ერთგულების დემონსტრირება“, – ციტირებს „როიტერი“ ტექსტს, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის ნაწილია და რომლის მიღებაც დღეს იგეგმება.

რეფორმების დაწყებისთვის დადებითი შეფასების მიუხედავად, ევროკომისიამ ასევე აღნიშნა, რომ კიევმა უნდა მიაღწიოს მეტ პროგრესს სასამართლო დამოუკიდებლობის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემის საკითხებში.

„უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ბოლო დროს შეიმჩნევა, კერძოდ, სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლის გაძლიერება, აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – აღნიშნულია ტექსტში.

უკრაინის მთავრობამ ევროკავშირს აცნობა, რომ აპირებს გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებას 2028 წლის ბოლომდე. კომისიამ კი განაცხადა, რომ ამისთვის კიევმა ძალისხმევა უნდა გააძლიეროს.

„კომისია ცდილობს, მხარი დაუჭიროს ამ ამბიციურ მიზანს, მაგრამ თვლის, რომ მისი მიღწევისთვის აუცილებელია რეფორმების ტემპის დაჩქარება, განსაკუთრებით ფუნდამენტურ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა“, – აღნიშნულია პროექტში.