„როიტერი“ - ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთს კალინინგრადში ტვირთების გაგზავნა სარკინიგზო გზით შეუძლია
„როიტერი“ - ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთს კალინინგრადში ტვირთების გაგზავნა სარკინიგზო გზით შეუძლია

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ რუსეთს კალინინგრადში ტვირთების გაგზავნა სარკინიგზო გზით შეუძლია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროკომისიაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერთან“ განაცხადა, რომ სანქცირებული პროდუქციის ევროკავშირის ტერიტორიაზე გადატანა იკრძალება ავტომობილებით, თუმცა ასეთი შეზღუდვა არ ეხება სარკინიგზო გზას.

„სანქცირებული ტვირთის ტრანზიტი რუსი ოპერატორების საავტომობილო ტრანსპორტით ევროკავშირის სანქციების შესაბამისად დაუშვებელია. სარკინიგზო ტრანსპორტზე ასეთი შეზღუდვა არ არის“, – ციტირებს „როიტერი“ წყაროს.

თუმცა, „როიტერის“ ცნობით, ანონიმური წყარო აღნიშნავს, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაუშვებელია სანქცირებული ორმაგი დანიშნულებისა და სამხედრო პროდუქტების გადატანა, განურჩევლად სატრანსპორტო საშუალებისა.

ლიეტუვამ რუსეთს მისი ტერიტორიის გავლით ტვირთების გადატანა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში შეუზღუდა. ამ ნაბიჯით უკმაყოფილო კრემლი სარკისებური ზომების მიღებით დაიმუქრა.