„როიტერი“ – ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ ისლანდიაში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი ხელს შეუწყობს სხვა, ნაკლებად მდიდარი სახელმწიფოების გაწევრიანებაზე მხარდაჭერის გაზრდას
ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ისლანდიაში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების თაობაზე დაგეგმილი რეფერენდუმი ხელს შეუწყობს ევროპაში სხვა, ნაკლებად მდიდარი სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერის გაზრდას. ამის შესახებ დიპლომატებმა „როიტერს“ განუცხადეს.
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის ერთ-ერთი მაღალი რანგის დიპლომატის განცხადებით, ისლანდიაში რეფერენდუმზე დადებითი პასუხი „ზოგადად ევროკავშირის მიმზიდველობას აჩვენებდა და შესაბამისად, ევროკავშირში განწყობას გააუმჯობესებდა“. მისი თქმით, ეს „სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს მონტენეგროს გაწევრიანების მიღებას გაუადვილებდა“.
„როიტერთან“ საუბრისას ევროკავშირის მეორე დიპლომატმა განაცხადა, რომ ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანებას „პოზიტიური გავლენა ექნებოდა გაფართოებაზე, როგორც პოლიტიკურ ინსტრუმენტზე“.
„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასა და უკრაინასთან დაკავშირებით გარკვეული ყოყმანია. ისლანდიის შემთხვევაში კი მხოლოდ დადებით მხარეებს ვხედავ. მას თანამედროვე ეკონომიკა აქვს, დინამიკურია და პატარა ქვეყანაა“, – განაცხადა რესპონდენტმა.
ტალინში მდებარე თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის დირექტორის მოადგილის, სტივენ ბლოკმანის განცხადებოთ კი, „ისლანდიის მონტენეგროსთან ერთად გაწევრიანების პროცესის დაკავშირება, ალბათ, უფრო წარმატებული იქნება. „ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეთი აღქმა არსებობს, ვიდრე მხოლოდ მონტენეგროს გაწევრიანების პროცესის წინ წაწევა“, – განაცხადა ბლოკმანმა.
ისლანდია, რომელიც ნატო-ს წევრი ქვეყანაა და ევროპის ეკონომიკური ზონის მეშვეობით უკვე აქვს წვდომა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, 29 აგვისტოს რეფერენდუმს გამართავს. მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, განახლდეს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.