„როიტერი“ - ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციების მე-13 პაკეტში იმპორტზე ახალი აკრძალვები არ შევა
„როიტერი“ - ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციების მე-13 პაკეტში იმპორტზე ახალი აკრძალვები არ შევა

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ სანქციების მე-13 პაკეტში იმპორტზე ახალი აკრძალვები არ შევა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიასაშუალება იუწყება, ამის მიზეზია ის, რომ ევროკომისიას და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც სანქციების ახალი პაკეტის მიღება 24 თებერვლამდე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის მეორე წლისთავამდე სურთ.

„როიტერის“ ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა გამოდის მოწოდებით, მეტი შეზღუდვა დაწესდეს რუსულ ექსპორტზე, მათ შორის ალუმინზე, ევროკომისია ამ წინადადებით არ გამოვა, რადგან ახალი პაკეტის მიღება სწრაფად და ზედმეტი დებატების გარეშე სურს.

როგორც „როიტერი“ იტყობინება, ახალ პაკეტში, შესაძლოა, გაფართოვდეს იმ რუსული კომპანიების სია, რომელთაც ევროკავშირის კომპანიებთან თანამშრომლობა ეკრძალებათ.

ამასთან, „როიტერთან“ საუბარში ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ მეცამეტე პაკეტის შემდეგ ევროკავშირი მალევე გეგმავს სანქციების მეთოთხმეტე პაკეტის მიღებას, სადაც იმპორტზე ახალი შეზღუდვები შევა.