„როიტერი“ - ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგიის ძიებაშია
„როიტერი“ - ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგიის ძიებაშია

ევროკავშირი რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგიის ძიებაშია, – აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

მედიის ინფორმაციით, 24-25 ივნისს დაგეგმილ ორდღიან სამიტზე, ევროკავშირის ლიდერები პანდემიისა და თურქეთთან ურთიერთობების საკითხების გარდა, რუსეთთან მიმართებაში სტრატეგიული დოკუმენტის შექმნის საკითხს განიხილავენ, რომელიც გასულ თვეს ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის და ევროკომისიის მიერ მომზადდა.

გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლების განცხადებით, რომლებსაც მაგალითად მოჰყავთ ბაიდენ-პუტინის ჟენევაში გამართული სამიტი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ევროკავშირს საშუალებას მისცემს, ურთიერთობები აღადგინოს ახლო ეკონომიკურ პარტნიორთან და რუსეთის პრეზიდენტთან სამიტის დაგეგმვის წინ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირს არ შეუძლია რუსეთის იზოლირება, რადგან რუსეთი არის ის რეალობა, რომელსაც ევროკავშირი ვერ გაექცევა. მისი თქმით, ევროკავშირმა პირდაპირი კონტაქტი უნდა მოძებნოს რუსეთთან და რუსეთის პრეზიდენტთან და მოსკოვი აიძულოს, უარი თქვას აგრესიულ ქმედებებზე.

ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიძაბა. გარდა ამისა, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს არჩევნებში ჩარევაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, ასევე რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შექმნაში.