„როიტერი“ - ევროკავშირი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ
ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში, მათ შორის, იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით.
დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვევაში, ევროკავშირი და უკრაინა 24 საათის განმავლობაში გაივლიან კონსულტაციებს კიევის საჭიროებების თაობაზე და სწრაფად განსაზღვრავენ შემდგომ ნაბიჯებს ვალდებულებების შესაბამისად.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალაში დარჩება, ვიდრე უკრაინა თავის ევროპულ გზას მიჰყვება და გადაიხედება არაუგვიანეს ათი წლის შემდეგ.
დოკუმენტში არ არის მითითებული მომავალი დახმარების ღირებულება ან ოდენობა, თუმცა აღნიშნულია, რომ წელს ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის ხუთი მილიარდი ევროს გამოყოფას დათანხმდა.
„შესაბამისი წლიური ზრდის შემდგომი პროგნოზირება შესაძლებელია 2027 წლამდე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ვოლოდიმირ ზელენსკი პაქტს ხელს, სავარაუდოდ, ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში მოაწერს. მისი ვიზიტი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი სამიტს დაესწრება.