„როიტერი“ - ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დიპლომატიურმა მრჩეველმა, ემანუელ ბონიმ სამშაბათს მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, ემანუელ ბონიმ, მათ შორის, მოლაპარაკებები გამართა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწესთან, იური უშაკოვთან.
წყაროები შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ, აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებების მიზანი ძირითად საკითხებზე, განსაკუთრებით კი, უკრაინაზე დიალოგის წარმოება იყო.
„როიტერი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არც დაადასტურეს და არც უარყვეს, თუმცა განაცხადეს: „როგორც პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ტექნიკურ დონეზე, სრული გამჭვირვალობით, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციით მიმდინარეობს“.