„როიტერი“ – ძლიერმა ქარმა საბერძნეთში, მათ შორის ათენის მიმდებარე ტერიტორიებზე, რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრების სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი

22:05, 01.08.2026

ძლიერმა ქარმა საბერძნეთში, მათ შორის ათენის მიმდებარე ტერიტორიებზე, რამდენიმე რეგიონში ტყის ხანძრების სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ხანძრის გავრცელების ადგილზე ფართომასშტაბიანი ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციები მიმდინარეობს და მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება. საბერძნეთის ხელისუფლების განცხადებით, ძლიერი ქარი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებს აფერხებს, ზოგიერთ რაიონში კი მათ ჩატარებას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის.

ამავდროულად, ესპანეთისა და საფრანგეთის რეგიონების ნაწილში ვითარება კვლავ გაუარესდა.

საფრანგეთში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ვარის რეგიონში ტყის ხანძარი, რომელიც სამი დღის წინ ლოკალიზებული იყო, კვლავ გააქტიურდა და ექვს საათში 1000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.

ესპანეთში კვლავ გრძელდება ტყის ხანძრის რამდენიმე აქტიური კერის ლიკვიდაციის სამუშაოები. ეს მას შემდეგ, რაც ორი დღის წინ მთავრობამ ქვეყნის ცენტრალურ პროვინციებში მასშტაბური ხანძრების გამო გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა.

ცნობისთვის, ევროპა მიმდინარე ზაფხულს ტყის ხანძრების მასშტაბურ ტალღას ებრძვის, რასაც რეკორდულად მაღალი ტემპერატურის რამდენიმე ტალღა და ნალექის სიმცირე უძღოდა წინ. საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრებმა არაერთი სოფელი გაანადგურა, ხოლო ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები და დასასვენებელი ადგილები დაეტოვებინა.

მსგავსი