„როიტერი“ - დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ჯგუფი აშშ-ში იმ სახელმწიფო მოხელეებს დევნის, რომლებიც აშშ-ის ლიდერს არ ეთანხმებიან
„როიტერი“ - დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ჯგუფი აშშ-ში იმ სახელმწიფო მოხელეებს დევნის, რომლებიც აშშ-ის ლიდერს არ ეთანხმებიან

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ჯგუფი აშშ-ში იმ სახელმწიფო მოხელეებს დევნის, რომლებიც აშშ-ის ლიდერს არ ეთანხმებიან, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს გამოძიების მიხედვით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა მემარჯვენე ჯგუფმა, Accountability Foundation-მა იმ ფედერალურ მოხელეთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც „რადიკალური“ მემარცხენე იდეების წინ წაწევაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია მრავალფეროვნების, თანაბარუფლებიანობისა და ინკლუზიურობის კონცეფციაზე.

სიაში 175 ადამიანი შედის, ინტერნეტში მათი პირადი მონაცემები და ფოტოებია ხელმისაწვდომი.

„როიტერი“ წერს, რომ ამის შემდეგ დაიწყო ნუსხაში მოხვედრილი ადამიანების დაშინება, მასობრივი შევიწროვება და დევნა. ზოგიერთი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ორი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რადგანაც აშშ-ში უსაფრთხოდ ვერ გრძნობდა თავს.

„როიტერის“ საგამოძიებო სტატიის მიხედვით, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციებში. მათი უმეტესობა არასაჯარო თანამდებობას იკავებდა.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, თავად Accountability Foundation-ი გადაიქცა ინსტრუმენტად, რომელიც დონალდ ტრამპის სავარაუდო მტრების წინააღმდეგ არის გამოყენებული.

ჯგუფის ხელმძღვანელი ტომ ჯონსი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ სიაში შეყვანილი ადამიანები დონალდ ტრამპის პროგრამისთვის ძირის გამოთხრაზე მუშაობდნენ.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მოხელეებმა იცოდნენ, რომ მათ უთვალთვალებენ და მათი სახელები ცნობილია“, – განაცხადა ტომ ჯონსმა.

სააგენტო წერს, რომ Accountability Foundation-ის მიერ შედგენილ სიაში მოხვედრილი 175 პირიდან 88-მა დატოვა მთავრობა ან იძულებული გახდა, შვებულებაში გასულიყო.

„როიტერის“ ცნობით, პირველი მსგავსი სია გამოქვეყნდა 2024 წელის საპრეზიდენტო არჩევნებამდე. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ Accountability Foundation-მა ანალოგიური სია სამჯერ გაასაჯაროვა.

პირველ სიაში 60 ფედერალური მოხელე მოხვდა, რომლებიც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში საიმიგრაციო პოლიტიკაზე მუშაობდნენ. მიმდინარე წლის იანვარში ჯგუფმა გამოაქვეყნა აშშ-ის განათლების დეპარტამენტში მომუშავე „პოლიტიკური იდეოლოგების“ ნუსხა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ხელმოწერილი ერთ-ერთი პირველი აღმასრულებელი ბრძანება იყო მრავალფეროვნების, თანაბარუფლებიანობისა და ინკლუზიურობის პროგრამის გაუქმება ყველა ფედერალურ უწყებაში.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს პროგრამა და მისი ინიციატივები იწვევს „პოზიტიურ დისკრიმინაციას“, რადგანაც სამსახურში ადამიანებს ასაქმებდნენ არა მათი პროფესიული უნარების, არამედ მათი რასის, გენდერული ან სხვა ნიშნის გამო.