„როიტერი“ - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, რომელშიც უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებზეა საუბარი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკორიჯში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, სადაც აშშ-ის პირველი ლედი უკრაინაში მიმდინარე ომის დროს გატაცებულ ბავშვებზე წერს.
ამის შესახებ „როიტერი“ თეთრი სახლის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, თუმცა წერილის შინაარსის სხვა დეტალები უცნობია.
აშშ-ის პირველი ლედი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დროს ალასკაში არ იმყოფებოდა.
„როიტერი“ წერს, რომ უკრაინა რუსეთის ძალების მიერ რუსეთში ან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვების იძულებით გადაყვანას ომის დანაშაულად მიიჩნევს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ისინი მოწყვლად არასრულწლოვანებს საომარი ზონისგან იცავენ.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ანკორიჯში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.