„როიტერი“ – დონალდ ტრამპმა გერმანიასა და საფრანგეთს შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დაუწესოს, თუ ბერლინი და პარიზი დიზელის მარაგებს არ შეამცირებენ
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, შეამცირონ დიზელის მარაგები, რომელიც საგანგებო შემთხვევისთვის შეიქმნა, რათა შეუწყონ ხელი საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესოს.
ამის შესახებ „როიტერი“ სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვას, რათა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ შეერთებულ შტატებში საწვავის ფასები შეამციროს. ეს გაფრთხილება აშშ-ის მიერ ევროპაზე ზეწოლის გამკაცრებაზე მიუთითებს. ირკვევა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებით უკმაყოფილოა საფრანგეთით და გერმანიით.
ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, ამ ქვეყნებმა სრულად არ შეასრულეს ვალდებულებები საგანგებო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების ბაზარზე გამოტანის შესახებ.
როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაცია მედიას მანამდეც ჰქონდა.
„ევროპის ინტერესებშია, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რადგან ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა გზებს გადამუშავებული ნავთობპროდუქტების მიწოდების გასაზრდელად და მომხმარებლებისთვის ხარჯების შესამცირებლად“, – განუცხადა „როიტერს“ აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
მეორე წყარომ კი განაცხადა, რომ აშშ-მა ევროკავშირს სთხოვა, მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 120 მილიონი ბარელი დიზელი გამოათავისუფლოს.
როგორც „როიტერი“ წერს, ევროპა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული აშშ-დან საწვავის მიწოდებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსული იმპორტი აიკრძალა და ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომმა ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მიწოდება შეაფერხა.