„როიტერი“ – დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზაში სამშვიდობო ძალებისთვის 206 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს

00:15, 20.08.2026

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ღაზის სექტორში დაგეგმილი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის 206 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფას გეგმავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. მედიის ცნობით, ეს პირველი მნიშვნელოვანი დაფინანსებაა ტრამპის გეგმის ფარგლებში, რომელიც ღაზაში ომის შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ტერიტორიის აღდგენას ითვალისწინებს.

„როიტერის“ ცნობით, 30 ივლისით დათარიღებული ორი წერილის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის 200 მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხა მოხმარდება აღჭურვილობას, ინფრასტრუქტურას, სატრანსპორტო საშუალებებსა და ოპერაციულ ხარჯებს. კიდევ დაახლოებით 6,3 მილიონი დოლარი მოხმარდება აშშ-ის ჯავშანტექნიკის გამოყენებას.

აშშ-ის ადმინისტრაციას ჯერ არ განუმარტავს, საბოლოოდ, რა თანხა იქნება საჭირო საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების სრულად დასაფინანსებლად. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტაბილიზაციის ძალები „უსაფრთხოების ოპერაციებს უხელმძღვანელებენ, ხელს შეუწყობენ სრულ დემილიტარიზაციას და უზრუნველყოფენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენისთვის საჭირო მასალების უსაფრთხოდ მიწოდებას“.

ამასთან, საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების საბოლოო შემადგენლობა ჯერ კიდევ შეთანხმების პროცესშია. საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებში მონაწილეობაზე ჯერ ხუთმა ქვეყანამ – ინდონეზიამ, მაროკომ, ყაზახეთმა, კოსოვომ და ალბანეთმა განაცხადეს თანხმობა. ჯერ უცნობია ისიც, თუ როდის შეძლებენ ძალები ღაზაში განთავსებას.

მსგავსი