„როიტერი“ - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები 19-20 მაისს უკრაინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ
„როიტერი“ - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები 19-20 მაისს უკრაინასთან დაკავშირებით იმსჯელებენ

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები 19-20 მაისს, დღეს და ხვალ უკრაინის საკითხზე ისაუბრებენ.

აღნიშნულის შესახებ „როიტერი“ წერს.

სააგენტოს ცნობით, შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების დღის წესრიგი სავარაუდოდ შეეხება უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას, ასევე გლობალურ ინფლაციას, კლიმატის ცვლილებებს, მიწოდების უწყვეტობასა და მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს.

„საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ შევძლებთ, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე გავზარდოთ დაფინანსება, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, დაიცვას თავი მომდევნო თვეებში. უკრაინის ომი ასევე იწვევს დამატებით რისკებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს განხილვა, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ერთად ჩვენს შესაბამის სფეროებში, რათა თავიდან ავირიდოთ სტაგფლაციის სცენარები“, – განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა.